ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაალ ლატარიას შვილი: არჩევნების დროს უთხრეს, რომ “ქართულ ოცნებაში” გადასულიყო

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას ოაჯახის წევრები, მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ და საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.

დაკავებულის დედა, ინეზა ლატარია ამბობს, რომ შვილის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობის დაიწყებს.

„მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას ვუკავშირებ, ჩავალ თბილისში, დავჯდები და ვიშიმშილებ იქ –  მთავრობის წინაშე. რა დააშავა ჩემმა შვილმა? 16 წლის ბავშვი წავიდა აფხაზეთში საბრძოლველად, სწავლობდა, სწავლა შეწყვიტა და ისე წავიდა. საქართველოსთვის თავი გაწირა. რა დააშავა?- ტერორისტების სახლში არ მომხდარა, გუშინ აქ ისეთი ამბავი იყო,“ – განაცხდა ინეზა ლატარიამ .

ზაალ ლატარიას ძმის თქმით, პოლიტიკური აქტივობის გამო, მის ძმას ხშირად ემუქრებოდნენ და გაჩერებას ურჩევდნენ. მისივე თქმით, ზაალ ლატარიას დაკავების მიზეზი სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტის მცდელობაა.

როგორც ლატარიას შვილმა “ნიუპოსტს” განუცხადა, “ქართული ოცნება” მამამისს პარტიისთვის მუშაობის სანაცვლოდ პრივილეგიებსა და ნასამართლეობის მოხსნას ჰპირდებოდა, უარის შემდეგ კი დაკავებითა ემუქრებოდნენ.

“მამაჩემს აფრთხილებდნენ, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, ან დაიჭერდნენ. არჩევნების დროს, მამასთან მოვიდნენ და უთხრეს, რომ გადასულიყო სახელისუფლებო პარტიაში და ყველაფერს მოუხსნიდნენ, მამაჩემმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ფეიკ ექაუნთით არის ვიდეო გამოგზავნილი, გამომგზავნის შესახებ მამამ არაფერი იცის, როცა პირად შეტყობინებაში ჩაგიგდებენ ვიდეოს დაინტერესდები. მამამ ეს შეტყობინება წაშალა და არავისთვის გაუგზავნია. ზომების მიღებას ვაპირებთ, გავმართავთ საპროტესტო აქციას. ხალხიც დაგვიდგება. მამაჩემი აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილეა, კოდორის ხეობაშიც იბრძოდა. რაც კი ომები იყო ამ ქვეყანაში ყველგან იყო და ასე დაუფასეს“- აღნიშნა ლანა ლატარიამ“ –  განაცხადა ლანა ლატარიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად სამსაათიანი ჩხრეკისა, მათ სახლში პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა.

ლანა ლატარია ” ნიუპოსტთან” მამის წარსულ ნასამართლეობაზეც საუბრობს.

„უკრაინიდან ზუგდიდში მოდიოდა, ნარკოტიკი სწორედ ამ ჩანთაში ჩადეს, საკვებ პროდუქტებს დაადეს. მოვითხოვეთ ექსპერტიზა და გავმართლდით. მამაჩემის თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა“ – აცხადებს დაკავებულის შვილი.

ზაალ ლატარიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს,რომ კადრები არ გაუვრცელებია. თვლის, რომ ამ ვიდეო-მასალის მისთვის გამოგზავნა პროვოკაცია იყო.

დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

იტვირთბა....