ხორავას ქუჩაზე მოკული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება.
როგორც სარალიძემ გასულ კვირას, თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმის პოკურორები მთავარ პროკურორს სწორ და სათანადო ინფორმაციას არ აწვდიან.
გუშინ, 12 იანვარს ზაზა სარალიძემ, პროტესტის ნიშნად, დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელზეც მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობდა.
„ცდილობენ, რომ კალანდია გამოიყვანონ მართალი და ბარბაქაძეს შეტენონ ყველაფერი. შთაბეჭდილება კი არ დამრჩა, პირდაპირ აპირებენ კალანდიას “გაპრავებას” და ბარბაქაძის შემოყვანას საქმეში, ხელახლა. პროკურორები კითხავდნენ ამ წუთას და ვეღარ გავუძელი ფიზიკურად. ადვოკატებმა რაღაც პროტესტი დააყენეს, მიმანიშნებელი კითხვა დაუსვა პროკურორმა და მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა. ჩემს ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ გაგაძევებო. ფაქტია, ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია არ არის მკვლელი ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.