ია კერზაის შვილი ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს ინტერპრესნიუსთან საუბარში ეხმაურება.
როგორც შენგელიამ განაცხადა, გამოძიების დაწყება დაგვიანებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც დაგვიანებით, ვინაიდან მათ მოუწევთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მტკიცებულებების გამოკვლევა. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ფორმალური დაწყება. ჩვენ მივადევნებთ თითოეულ მოქმედებას თვალყურს და ეს უნდა იყოს ეფექტური. მათი განცხადებიდან როგორც ჩანს, რაღაც დამატებით მტკიცებულებას ელოდებოდნენ, შესაბამისად, ახლა მიიღეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება უფრო იმ პროცესებმა დააჩქარა, რაც ვითარდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. იგივე საკომიტეტო მოსმენა. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ არ შეიძლებოდა ამ საქმეზე არ დაწყებულიყო გამოძიება. ალბათ საზოგადოებრივმა აზრმაც იქონია გავლენა. მე მარტო არ ვიყავი, დეპუტატების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ საქმეში, რომლებიც ერთობლივად თავის წვლილს დებდნენ იმაში, რომ გამოკვეთილიყო დანაშაულის ნიშნები“, – აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.