„უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმისკენ დიდი რესურსი მივმართოთ, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ბავშვების მომზადება ცხოვრებისთვისა და განვითარებისთვის და არა გამოცდისთვის.
“ ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური გარღვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას წარმატება არ ექნება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო რეფორმას სისტემურად მიუდგა და ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება. კომიტეტის თავმჯდომარე გამოცდების გაუქმების საკითხსაც შეეხო. „არსებობს არგუმენტები და ვთხოვ საზოგადოებას, ეს არგუმენტები გაითვალისწინოს. აქამდე სისტემა მიმართული იყო გამოცდების ჩაბარებისკენ მაშინ, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რომელზეც ჩვენ სწორებას ვაკეთებთ, ბაღებიდან ამზადებენ ბავშვებს ცხოვრებისთვის, პროფესიისთვის, იმისთვის, რომ იყონ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ასეთი განათლების სისტემა იღებს მხოლოდ ისეთ შედეგებს, რომელსაც ვუყურებთ, როგორი ქვეყნებიც არიან, მაგალითად, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და სხვ. ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის და ეს ძალიან სწორად არის დანახული სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.