“ მახინჯი სწავლებების გამო მახინჯი შეხედულებები გვაქვს გარკვეულ ისტორიულ პროცესებზე”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული რელიგიისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, არცერთ მტერს, არცერთ დამპყრობელს იმდენი ბოროტება არ გაუკეთებია რამდენიც გაუკეთა ჩვენმა მოძმე რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
“ჩვენ ვსწავლობდით, როგორ გადაარჩინა მოძმე რუსმა ხალხმა საქართველო პირისაგან მიწისაგან აღგვას და ჩვენი თანაცხოვრება მანამ, სანამ 20-30 წელიწადი ჩვენი თაობა იქნება, მე ვფიქრობ, რომ ახალ თაობას მართლა განსაკუთრებული ინტენსივობით სჭირდება შედარებითი ისტორიის სწავლება – თუ ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტრები და ნამდვილი მეგობრები.
მინდა იცოდეს ჩვენმა შვილებმა, რომ ქართული რელიგიისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, არცერთ მტერს, არცერთ დამპყრობელს იმდენი ბოროტება არ გაუკეთებია რამდენიც გაუკეთა ჩვენმა მოძმე რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. არცერთ დამპყრობელს არ გაუუქმებია ქართული საკათალიკოსო ტახტი, ერთადერთი ეს გააკეთა რუსულმა მართლადიდებლურმა ეკლესიამ. არცერთ დამპყრობელს არ დაუხურავს მონასტრები და ტაძრები იმდენი, რამდენიც დახურმა რუსულმა ეკლესიამ, არცერთ დამპყრობელს არ აუკრძალავს ქართულ ეკლესიაში და მონასტრებში ქართული წირვა-ლოცვა, ეს გააკეთა რუსულმა ეკლესიამ და ქართულ ენას ძაღლების ენას უწოდებდა. არცერთ დამპყრობელს, ბრძოლების და ომების დროს შესაძლოა ინგრეოდა ტაძრები, მაგრამ არცერთ დამპყრობელს მშვიდობიან პერიოდში არ გადაუთეთრებია ქართული ფრესკები, ამიტომ ეს ისტორია ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში სანამ მათ გვერდით თანავცხოვრობთ ჩვენც – ის ადამიანები, რომლებსაც ცოტა არასწორი ინფორმაცია გვაქვს ისტორიაზე.
სხვათაშორის დღესაც, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, ერთადერთი ეკლესიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც შემოიჭრა და მიითვისა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი ტერიტორიები. ესაა რუსული ეკლესია და მაინც რომ არ თქვან და ისევ ცხრა წელი და მიშა სააკაშვილი რომ არ ახსენონ, მაინც ხაზგაზმით ვიტყვი, რომ ჩვენი იურისდიქცია, ეკლესიურიც სახელმწიფოებრივიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიკარგა 93 წლიდან. ნიშნავენ რუსულ მღვდლებს, აშენებენ რუსულ ტაძრებს. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალოცავი, წმინდა გიორგის სალოცავი გადააკეთეს რაღაცა რუსულ ყაიდაზე, ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია ჩვენი სწორად იდენტიფიცირებისთვის ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რელიგიის ისტორია, 15-20 წლის მერე, როდესაც ჩვენი თაობა აღარ იქნება და თავისუფალი იქნება ჩვენი შვილები ჩვენი მავნე გავლენიაგან, ალბათ კიდევ უფრო თავისუფალ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას”, – განაცხადა ბობოხიძემ.