ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპოზიციას არ აქვს მორალური უფლება, სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით ნიანგის ცრემლებით ილაპარაკოს” – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინეს განაცხადა, რომ ოპოზიციას არ აქვს უფლება  სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით ნიანგის ცრემლებით ილაპარაკონ.

თალაკვაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით არაერთი სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს, თუმცა მაშინ საკომიტეტო მოსმენა არავის მოუთხოვია.

„პირველ რიგში, უნდა გამოვხატო ჩემი სამძიმარი. მივუსამძიმრო ბატონ ბაჩანას და ქალბატონ იას ნათესავებს. ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი. მე არ მგონია, რომ საკომიტეტო განხილვამ თუ რაღაც ახალი კანონის მიღებამ, თუნდაც სკოლების შემოწმების წესის შეცვლამ, ამ ადამიანს დაუბრუნოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – დედა. მაგრამ დღეს ამ საუბარს აქვს ორი მხარე – მორალური და სამართლებრივი. მორალური საუბრის უფლება ამ საკითხზე დეპუტატებს შორის ოპოზიციიდან აქვს გამონაკლისს – რამდენიმე ადამიანს, დანარჩენებს უფლება არ გაქვთ მორალური, რომ ამ საკითხზე ილაპარაკოთ და იცით რატომ? – იმიტომ რომ, არც ბოდიში მოგიხდიათ, არც კომიტეტის ჩატარება მოგითხოვიათ არასოდეს არც ერთ სხვა შემთხვევებზე. თქვენი კოლეგის – ზაქარია ქუცნაშვილის დედაც თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დღეს რომ ხმამაღლა საუბრობს, სკოლიდან გააგდო პოლიტიკური მოტივით. ერთი კვირით ადრე შეცვალეთ კანონმდებლობა, იმიტომ რომ გჭირდებოდათ მაგ ადამიანის წინააღმდეგ და დღეს მოდიხართ აქ და ბაჩანას დედაზე ლაპარაკობთ ნიანგის ცრემლებით. რა მორალური უფლება გაქვთ ამაზე საუბრის, როცა 2011 წელს, თბილისში 148-ე და 149-ე სკოლების დირექტორები გყავთ გაგდებული პოლიტიკური ნიშნით და რა საკომიტეტო მოსმენაზეა ლაპარაკი, ელემენტარული გასაჩივრების უფლებაც კი არ მიგიციათ. ასეთი შემთხვევებით სავსეა ყოველწლიური ანგარიშები და თქვენ დღეს მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ამაზე ილაპარაკოთ“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

თალაკვაძის განმარტებით, საპარლამენტო კომიტეტები წინა ხელისუფლების დროს, იმ ტიპის ანგარიშების განხილვისას, რომლებშიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე იყო საუბარი, ცარიელი იყო.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას: საჯაროდ მოგმართავთ – სტუმრებს შორის, თუ ხართ 1 ადამიანი მაინც, ვისაც გახსენდებათ, ან შეგიძლიათ დაუშვათ, რომ როდესმე, აი, ეს პოლიტიკური ძალა, (გამონაკლისების გარდა, რომელსაც აქვთ მორალური უფლება, იმიტომ, რომ არიან ბაჩანას უახლოესი მეგობრები და რა თქმა უნდა, მათ უნდა ილაპარაკონ ის, რაც ბატონ ბაჩანას აწუხებს), მაგრამ 1 ადამიანს მაინც თუ სჯერა აქ დარბაზში, რომ დღეს, ამ კომიტეტის ხელმძღვანელობა რომ ჩააბარო რომელიმე ოპოზიციონერს, ეს ხალხი ჩაატარებდა რამე მსგავს ღია განხილვას ასეთ თემაზე, არ ჩაატარებდა. თუ ვინმეს გჯერათ, ხელით მანიშნეთ, იმიტომ, რომ მე ამ დარბაზში, როცა სახალხო აპარატში ვმუშაობდი და უმძიმეს დარღვევაზე მოგვქონდა ანგარიშები, ეს დარბაზი იყო ცარიელი მეგობრებო და არა მხოლოდ 1 და 2 სკოლის დირექტორის ამბავი იყო, საოცრებები იყო იქ. ეს ის ხალხია, რომელიც თვალს ხუჭავდა რაზე – კაცი გაასამართლეს მკვლელობაზე და ის მოკლული ადამიანი სოფელში ჩამოვიდა… და ამ ხალხს თვალები ჰქონდა ფართოდ დახუჭული ასეთ ანგარიშებზე. დღეს, თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ამაზე ილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამონაკლისების გარდა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

იტვირთბა....