საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის კრიტიკას განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პასუხობს. მინისტრის თქმით, არასწორი აქცენტები კეთდება, რომ თითქოს სამინისტრო რეპეტიტორების ინსტიტუტს ებრძვის.
მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ პრობლემა განათლების სისტემაში არის ის, რომ მოსწავლე ორიენტირებულია გამოცდების ჩაბარებაზე და არა სკოლაში შეფასების მიღებაზე.
„არ შეიძლება მე-11, მე-12 კლასის ანუ განათლების ძირითად ბოლო ორ წელიწადში მიმწოდებელი გახდეს რეპეტიტორის ინსტიტუტი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის, ჩვენი ხედვით და ბოლო წლებში, რაც გვაჩვენებს და თუნდაც, ეს გამოცდების მაჩვენებელიც ამის მაჩვენებელია, რომ რეალურად, მე-11, მე-12 კლასის ალტერნატივა განათლების გახდა მომზადება CAT-ის გამოცდებისთვის და არა იმ სასკოლო პროგრამებისთვის, რომელიც აუცილებელია,“ – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მე-11 კლასში გამოცდების ჩაბარების შემდეგ მხოლოდ მომდევნო წლის გამოცდებზეა ორიენტირებული და სკოლის განათლების სისტემის ალტერნატივა გაჩნდა.
მინისტრის თქმით, მოსწავლე სკოლიდან გარდა სასკოლო მასალის ათვისებისა უნდა იმუშავებდეს სხვადასხვა უნარებს, მაგალითად, ჯგუფურ მუშაობას, რასაც სკოლა, ბატიაშვილის შეფასებით, ვერ აღწევს.
მინისტრი ამბობს, რომ 50 ათასი ბავშვია ატესტატის გარეშე დარჩენილი და ახლა ამის გადაჭრის გზებს ეძებენ. ბატიაშვილის განცხადებით, რამდენიმე ალტერნატივის შემუშავებას გეგმავენ, მათ შორის, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლას და ასევე, იგეგმება გადამზადების კომპონენტები.