“ჩვენი მიზანია, სკოლას დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, რომელსაც ექნება ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, პარლამენტში, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ასობით მილიონი ლარი ჩრდილოვან განათლებაში მიედინება.
“გეთანხმებით, რომ კორუფცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, მაგრამ მხოლოდ კორუფციის დაცვით და უზრუნველყოფით აქამდე ვერ მივიღეთ განათლების სისტემა და შეუძლებელია გრძელვადიანად ამის გაგრძელება. დღეს რაც გვაქვს, არის აბსოლუტური კორუფცია, იმიტომ, რომ ჩრდილოვანი განათლებაა, სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი. ეს არის, ფაქტობრივად, ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რომელშიც მშობლები ხარჯავენ ასეულობით მილიონ ლარს, რომელსაც, როგორც შედეგები გვეუბნება და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ნებისმიერი საერთაშორისო კვლევა გვეუბნება, მათ შორის NDI, რომ ეს ყველაფერი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ განათლების სისტემის გაუარესებაზე. ამიტომ, განათლების რეფორმის ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მშობელი და სკოლა დავიცვათ კორუფციისგან”, – თქვა მიხეილ ბატიაშვილმა.