განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირცხვილია სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია
მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული მიმართულებით ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს სამ სავალდებულო საგანს შორის აუცილებლად მოუწევს ისტორიის ჩაბარება ისევე, როგორც ქართულისა და უცხო ენის, ხოლო ტექნიკური მიმართულებით – მათემატიკის, ქართულისა და უცხო ენის.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულებით ჩასაბარებელ სამ სავალდებულო საგანს დაემატება კიდევ ერთი საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს.
“ჰუმანიტარულის მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ უბრალოდ სირცხვილია, რომ სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. რა თქმა უნდა, იქ არის ნებისმიერ იმაზე; სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის იმას, მარა ის მინიმალური მოთხოვნა, რომელიც უნდა არსებობდეს და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, აქ რაც ემატება, ეს არის უნივერსიტეტის არჩევანი დამატებით იმ საგანში, რომელსაც ის მოითხოვს. ანუ, ნებისმიერი ტექნიკური მიმართულება აბარებს 3 საგანს, ეს არის: ქართული, უცხო ენა, მათემატიკა – ეს არის მინიმუმი, ჩვენი ხედვით და ის საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი გადაწყვიტავს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩავატაროთ მაგის გამოცდა. ჰუმანიტარულის მიმართულებით, ეს არის: ქართული, ასევე, უცხო ენა და, ასევე, მინიმუმ ისტორია და ის მიმართულება, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს. რომ გავუძლიეროთ მათ (უნივერსიტეტებს) ავტონომია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამის შესაძლებლობა მივცეთ,” – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ბატიაშვილმა.