ბელგიური მედიის ინფორმაციით, 27 წლის ქართველი ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვაშია ეჭვმიტანილი. ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანტვერპენის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიება გრძელდება.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ბანკის ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს.
ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან. ასევე უცნობია, რამდენი საცავია გატეხილი.