ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ცხედარზე იაგო ნებიერიძის დნმ აღმოჩნდა. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა მავთულით ხელ-ფეხი შეუკრა ბავშვს და მკვლელობის შემდეგ ურიკაზე მოათავსა.
დასკვნის მიხედვით, ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ გოგონას ეკუთვნის, ხოლო მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა. გელხაური ამბობს, რომ ამით მტკიცდება ნებიერიძის შემხებლობა ბავშვთან.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბავშვის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულმა ურიკაზე სწორედ მისი მკვლელობის შემდეგ მოათავსა. მისი თქმით, გოგონას მავთულით იმიტომ ჰქონდა ფეხები შეკრული, რომ ურიკაზე დატეულიყო.
შეგახსენებთ, გორში 9 წლის გოგონა ოქტომბრის თვეში გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით კი წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.