მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ვერ მივცემ თავს უფლებას, შევაფასო, რამდენად წარმატებული დეკანი იყო გიორგი ქადაგიძე – გია ნოდია

“შემხვდა რამდენიმე პოსტი, სადაც ილიას უნივერსიტეტს (იგულისხმება, რექტორს, გიგა ზედანიას) არცხვენენ რეორგანიზაციისთვის, რის შედეგადაც ბიზნესის სკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე, დეკანი აღარ იქნება (ამ დროს იგულისხმება, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი ქადაგიძის მოშორება იყო. სიმარტივისთვის ამ ბოლო საკითხზე არ ვიკამათებ). ჩემთვის გასაკვირია, რატომ უყურებს ეს ხალხი ამ საკითხს მორალის ჭრილში. სირცხვილი მორალის კატეგორიაა, თანაც აბსოლუტური: სამარცხვინო საქციელი დაცვას და განხილვას არ ექვემდებარება. შერცხვენილი ექვემდებარება რეალურ ან ვირტუალურ ბოძზე გაკვრას და რეალური ან ვირტუალური დამპალი პამიდვრების სროლას. გიგა ზედანიასაც ვიცნობ და გიორგი ქადაგიძესაც, ორივეს პატივს ვცემ, ოღონდ გიგას უფრო დიდხანს და უფრო კარგად, გიორგის – უფრო ცოტა ხანს და უფრო შორიდან. ამავე დროს ილია უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და, წესით, მეტი უნდა ვიცოდე იმაზე, უნივერსიტეტში რა ხდება, ვიდრე ხალხმა, ვინც უნივერსიტეტს გარეთაა. მაგრამ მაინც ვერ მივცემ თავს უფლებას, შევაფასო, რამდენად წარმატებული დეკანი იყო გიორგი ქადაგიძე. შეიძლება კარგი და ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ საიდან ვიცი, როგორი დეკანი იყო? ან, თუ ზედანიას და ქადაგიძეს ერთმანეთში კონკრეტულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდათ, საიდან ვიცი, რომელი იყო მართალი? რაკი მე გიგას უფრო კარგად ვიცნობ, ალბათ, მის გამაკრიტიკებლებს უნდა ვუთხრა: სირცხვილი თქვენ, ვინც გიგა ზედანიას სიბრძნეს ეჭვის ქვეშ აყენებთ! იცით, რა კარგი ბიჭია? იცით, ნიკოლოზ კუზანელი და მიშელ ფუკო რა კარგად იცის? რატომღაც არ მინდა ამის თქმა. შეიძლება გიორგი ქადაგიძე შესანიშნავი ფინანსისტი, მაგრამ ცუდი დეკანია. შეიძლება გიგა ზედანია მშვენიერი ფილოსოფოსი, მაგრამ ცუდი რექტორია. მაგრამ ან ერთი ან მეორე რომ თქვა, რაღაცა უნდა იცოდე ან ერთის დეკანობაზე, ან მეორის რექტორობაზე. და არა ასე: “სირცხვილი მას, ვინც ჩემს გიორგის, ან ჩემს გიგას, რამეში არ დაეთანხმება”.

გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 

სოციალური ქსელი

იტვირთბა....