ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსეთის საგარეო უწყებას რა დაესიზმრა ვერ გეტყვით” – ზურაბ აბაშიძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თბილისში, განათლების სამინისტროსთან 3 თებერვალს სტუდენტების აქცია იგეგმება და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მასობრივი შეკრების ადგილებში გადაადგილებისგან. ამ საკითხს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ

ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, გაირკვა, რომ აქცია არ ტარდება.

„ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 თებერვალს დაგეგმილი აქცია, რომელიც, როგორც ირკვევა, საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ“, – განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრი, რომელმაც აღნიშნული კომენტარი გააკეთა, 2013 წლიდან ფუნქციონირებს.

„ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და შემდეგ ამ ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეებს აწვდის, რომლებიც უცხოეთის ამ ქვეყნებში მგზავრობენ. ასე რომ, ასეთი კომენტარები პრინციპში, სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კეთდება.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალ ფაინენსის“ ბოლო მონაცემები, სადაც ნათქვამია რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია. ზოგადად კი, 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი კი – 108-ე პოზიციას. ასე რომ, დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

იტვირთბა....