ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტმა, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დარბაზი დატოვა” – სალაძე

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ ტიპის შეხვედრის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

სულხან სალაძის თქმით, თვითონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას არ დასწრებია და არასამთავრობო სექტორთან მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დარბაზი დატოვა.

“დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ლეღვის ნახარშის თემიდან დაწყებული, ლუგარის ლაბორატორიით დასრულებული. იმდენად დიდი დიაპაზონი და იმდენად ბევრი თემა შეიძლება იყრიდეს თავს ამ ორ თემას შორის, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელია, დისკუსია გვქონდეს იმაზე, თუ რა ტიპის ცვლილებები გვჭირდება. მე ვერ მივიღე მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ რა მიზანს ემსახურება ამ ტიპის შეხვედრა. საუბარი იყო საგარეო საფრთხეებზეც, დეზინფორმაციაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე… ამ ყველაფრის ერთ კონტექსტში განხილვა და ამ მასშტაბისა და მოცულობის შეხვედრაზე წინასწარ მომზადების გარეშე ღია მსჯელობა ისე, რომ მომწვევი მხარე პოზიციას არ აფიქსირებდეს, ვფიქრობ, არაეფექტურია. თუ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე იქნება შეხვედრები, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საია მონაწილეობას ვერ მიიღებს. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის გარე საფრთხეები, სხვა პრობლემები, რომელიც შეიძლება, არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებიდან მომდინარეობდეს, მიმაჩნია, რომ ეს თემები სტრატეგიულ განხილვას საჭიროებს და არა მოუმზადებლად მსჯელობას”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მესამე სექტორს ცილისწამებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვდნენ.

იტვირთბა....