ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები რჩება ისე, როგორც იყო, ცვლილებების გარეშე” – ბატიაშვილი

განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს, ცლილებების გარეშე ჩაატარდება.

მისივე თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით მიღებული და უკვე გაჟღერებული გადაწყვეტილებები საბოლოოა და მას მეტი აღარაფერი დაემატება.

„მინდა გითხრათ, რომ „ჯიარის“ სტანდარტამდე ძალიან შორს ვიყავით ზოგადი უნარების ტესტით. ფაქტობრივად, ყველა ბავშვს უნდა შეძლებოდა „ჯიარის“ გადალახვა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან რთულია. ჩვენი ხედვა არის ის, რომ სკოლა, როგორც ინსტიტუცია, უნდა გავაძლიეროთ და ორიენტაცია უნდა იყოს სკოლაში სწავლის პროცესზე. დღევანდელი შედეგი იყო ის, რომ ბოლო წლებში არა მარტო სკოლის დროის, არამედ მშობლის რესურსიც კი მიმართული იყო ჩრდილოვან განათლებაში. ყველა პარამეტრი, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, გვაძლევდა პასუხს, რომ ეს სისტემა არ არის ეფექტური. ნებისმიერი საერთაშორისო პრაქტიკა საუბრობს იმაზე, რომ თუ სკოლა არ გავაძლიერეთ, როგორც ინსტიტუცია, არ გავზარდეთ უმაღლესი განათლების ხარისხი, ისე შედეგებამდე ვერ მივალთ. შუალედურმა სისტემებმა სადამდეც მიგვიყვანა, დღეს ვხედავთ. ამ თვეების განმავლობაში ვიკვლევდით ამას, ბევრ ექსპერტთან ვლაპარაკობდით და გადაწყვეტილებები ისე იქნა მიღებული“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გამოცდებთან დაკაშირებულ სხვა კითხვებს პასუხები მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ორშაბათს გაეცემა.

დღეს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეთორმეტე კლასელებს სასკოლო გამოცდები მოეხსნებათ.

იტვირთბა....