“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს ეკა ბესელიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ ხელისუფლება თუ იქნება ჩუმად და არაფერს იტყვის, აპირებენ თუ არა ჩინჩალაძე-მურუსიძის კადრების მოცილებას სასამართლო სისტემიდან, ვიფიქრებთ, რომ “ქართული ოცნება” დგას ამ ყველაფრის უკან.
როგორც გიგაურმა აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანი ბესელიას გაჩუმებაა.
“ცხადია, რომ ზეწოლა უფრო არის იმ ადამიანების ინტერესში, რომლებსაც უნდათ, რომ ეკა ბესელიამ არ ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება სასამართლოს რეფორმას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ლობირებს და ცდილობს ჩინჩალაძე-მურუსიძის კადრები დარჩნენ სასამართლო სისტემაში, ისინი მიდიან ყველაფერზე. ვხედავთ, რომ ქალბატონ ეკას აბრალებენ, თითქოს მან თვითონ გაივრცელა ეს კადრები. მგონია, რომ ამ ადამიანებისგან არაფერი იქნება გასაკვირი. ამიტომ მთავარი არის დღეს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ კონკრეტულად უთხრას საზოგადოებას, რას ფიქრობენ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით და აპირებენ თუ არა ის ადამიანები მოაცილონ პროცესს, რომლებიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას კი არ უწყობენ ხელს, არამედ, მის ჩაძირვას.
დღეს ხელისუფლება თუ იქნება ჩუმად და არაფერს იტყვის, აპირებენ თუ არა ჩინჩალაძე-მურუსიძის კადრების მოცილებას სასამართლო სისტემიდან, ვიფიქრებთ, რომ “ქართული ოცნება” დგას ამ ყველაფრის უკან” – განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემმუშავებელ ჯგუფში არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ.
“ვფიქრობთ, ასეთი უმრავლესობით, რითაც ისინი არიან წარმოდგენილები სამუშაო ჯგუფში, არ უნდა იყვნენ. პირებმა, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ უზენაეს სასამართლოში, თვითონ არ უნდა დაიწერონ კრიტერიუმები. შესაძლებელია სასამართლო ხელისუფლებიდან იყვნენ ამ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლები, მაგრამ ისინი არ უნდა იყვნენ უმრავლესობაში, მათ არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი. ასევე, ამ სამუშაო ჯგუფში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი ის დეპუტატები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, რომელთა ნათესავებიც და ცოლებიც არიან დანიშნული სასამართლო სისტემაში. ამ შემთხვევაში დავით მათიკაშვილზე ვსაუბრობ. მისი მეუღლე გამოსაცდელი ვადითაა დანიშნული და მას აქვს ამ საკითხთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტი. მათ შორის, ვანო ზარდიაშვილი არის დაახლოებული კლანთან, პერიოდულად ხვდება კიდეც ამ კლანის წევრებს და არავინ იცის, რას გეგმავენ ისინი. ამიტომ ადამიანები, რომლებზეც არის სერიოზული კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, კლანს ლობირებდნენ, ამ სამუშაო ჯგუფში არ უნდა იყვნენ.
მთავარი არის პოლიტიკური ნება და ამას გამოხატავს ხელისუფლება იმით, ვინ იქნება ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში და საჯაროდ რას იტყვიან ისინი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან მიმართებაში. ეს ადამიანები სასამართლო სისტემიდან უნდა წავიდნენ” – განაცხადა გუგაურმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.