“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, სუს-ს დაავალეს, რომ ათეულობით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერისთვის ფარული ჩანაწერები გადაეგზავნათ.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული კადრები საქართველოს მასშტაბით ბევრ ადამიანს გაუგზავნა.
„რასაც დღეს ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა. პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება. არავინ დაიჯერებს, რომ პურადი ცხოვრების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე გავრცელდა. სუს-მა შემდგომ ეს კადრები ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრ ადამიანს გაუგზავნა, რადგან ხვდებოდნენ, რომ ვინმე უნდა დაესაჯათ.
ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაუკვეთა, რადგან ეს ადამიანი თავად ამ ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ისრები სხვაზე გადააქვს და ეს სხვა ყოველთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომლისგანაც მტრის ხატს ქმნიან. მაგრამ არ გამოგივათ, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა და სუს-ს დაავალა, რომ ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის ეს კადრები გადაეგზავნათ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.