ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თინა ხიდაშელი: იმედია, ხელისუფლებას ამჯერად მაინც ეყოფა ნება, შეაჩეროს ეს უპასუხისმგებლო ბიზნესი

“აბსოლუტურად ვერ ვხედავთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გუშინ, დედაქალაქში CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს.

მან ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” იმედი გამოთქვა, რომ “ხელისუფლებას ამჯერად მაინც ეყოფა ნება, შეაჩეროს ეს [ყაზტრანსგაზი] უპასუხისმგებლო ბიზნესი”.

“მინდა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, ვისი პასუხისმგებლობაც არის პირდაპირ, ყაზტრანსგაზის მხრიდან, უპასუხისმგებლობის ნებისმიერი გამოვლინება, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, პირადად, არ არის მონაწილე ამ პროცესის, მაგრამ ამასობაში, როდესაც დანაშაული განმეორებადია და სისტემურ ხასიათს იღებს, ხელისუფლება სწორედ იმისთვის გვყავს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, მინიმუმ, სისტემის გამოსწორებაზე, აქ არის მათი მთავარი ბრალეულობა, რასაც ისინი ყოველდღიურად ჩადიან. როგორც უნდა გაბრაზდეს დღეს ხელისუფლება, ფაქტი ფაქტად რჩება, ნულოვანია პრევენცია, აბსოლუტურად ვერ ვხედავთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, იქნება ეს გაზის აფეთქებების მიმართ უსაფრთხოება თუ შანტაჟის მიმართ უსაფრთხოება, რა მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის დანაშაულზე ვილაპარაკებთ, თუ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, შეაჩეროს განმეორებადობა, ასეთი დანაშაულის? დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლებას ამჯერად მაინც ეყოფა ნება, შეაჩეროს ეს [ყაზტრანსგაზი] უპასუხისმგებლო ბიზნესი. ისევე, როგორც ვაკის პარკში, ბოლოს, ამხელა ომის, ჩხუბის, ისტერიკის შემდეგ, კალაძეს ეყო ნება და მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა, უბრალოდ, გადაწყვიტა საკითხი. ასე, ერთმნიშვნელოვნად სჭირდება ყაზტრანსგაზის თემას გადაწყვეტა, არაფერი აქ რთული არ არ არის, საკმარისია გქონდეს ნება, რომ გააჩერო უპასუხისმგებლო ბიზნესი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 იანვარს, თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში მდებარე კორპუსში, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლიდან მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....