ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეტენზია აქვთ ყაზბეგის ტერიტორიაზე.
ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ იმიტრი მედოევთან ინტერვიუს ავტორი პრორუსული ორგანიზაციის წევრია, ხოლო გამოცემა დაბალტირაჟიანი და მემარცხენე-რადიკალური.
გერმანიაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი (David X. Noack) სტატიებს აქვეყნებს ძირითადად მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია „რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი. საელჩოს ცნობით, თავად გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდი“ (Neues Deutschland) დაბალტირაჟიანი მედიასაშუალებაა, რომელიც სხვადასხვა გერმანული უწყების მიერ მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას.
“პრობლემა ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთისა (თრუსოს ხეობა, კობი, გუდოს ხეობა), რომელიც საქართველოს კონტროლის ქვეშაა, ხანგრძლივია და ყოველწლიურად უფრო კომპლექსური ხდება. ეს მთელი ოსეთისთვის მტკივნეული საკითხია”, – აცხადებს მედოევი ინტერვიუში.
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას თბილისში ტრაგიკული და საღ აზრს მოკლებული უწოდეს. დეპუტატი ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის პოლიტიკური ქულების დასაწერად გაკეთებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი Neues Deutschland-თან საქართველოს კუთვნილ, მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიებს “ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და განაცხადა, რომ “ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიებ ოს ხალხს დაუბრუნდება.