განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უანრ-ჩვევების გამოცდების სავალდებულო საგნიდან მოხსნას ეხმაურება.
“სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა ტარდებოდეს გამოცდების ცენტრის მიერ, ცენტრალიზებულად. უნდა დგებოდეს GPA-ის, რაც იქნება მთავარი ფუნდამენტი უნივერსიტეტში მიღების. რომელ საგანს რა წონას მისცემს უნივერსიტეტი, GPA-ის საშუალოს – რა წონას, ეს მათი საქმეა.
დღევანდელი გამოსაშვები გამოცდები უსარგებლოა და შედეგი არ მოაქვს. ვერც განათლების მიღების ფუნქციას ასრულებს, ვერც სასკოლო შეფასების უნიფიკაციის. შესაბამისად ფუჭი სტრესია (ზოგადად, განათლებაში სტრესი განვითარების უმნიშვნელოვანესი დრაივეირა, მაგრამ როცა საჭიროა), თან ტარდება სკოლების მნიშვნელოვანი ჩართულობით და არის კორუფციის და ნეპოტიზმის ბუდე. მათი გაუქმება სწორი იყო და საერთოდ, შემოღება იყო არა სწორი.
ეს უნდა ხდებოდეს ბოლო საფეხურზე (9-12 კლასი), საგნის პროგრამული დასრულების კვლადაკვალ. გადაბარება უნდა იყოს შესაძლებელი. დეტალებშია ეშმაკი, მაგრამ ამაზე ახლა აღარ განვევრცობი. ბევრი რეგულაციაა საჭირო.
სკოლის შემდგომი უნიფიცირებული გამოცდა უნდა იყოს ერთადერთი – დღეს გაუქმებული უნარები. ის უნდა იღებდეს მონაწილეობას როგორც უნივერსიტეტში მოსახვედრად, ასევე გრანტის გაცემის პროცესში. ამ გამოცდის გაუქმება, ერთდროულადაა უცოდინრობა, პოპულიზმი, კლანური შურისძიება მაია მიმინოშვილის აჩრდილზე. და 9 წლის მონაპოვრის (ერთ-ერთი უმთავრესის) შეგნებულად გაბითურება. მოკლედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პარალელურად უგუნური და სამარცხვინო.
რაც შეეხებათ რეპეტიტორებს. ისინი იმიტომ კი არ არსებობენ, რომ გამოცდები არსებობს, არამედ იმიტომ, რომ სკოლა არ ვარგა. გამოცდები ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია ყველგანაა და რეპეტიტორები ყველგან (აშშ-ს ჩათვლით) ავსებენ სასკოლო განათლების დეფიციტს, სრულიად ყველგან. რეპეტიტორების როლის შემცირება გამოცდების გაუქმებით კი არა, სკოლის გაძლიერებით უნდა მოხდეს.
რაც შეეხებათ უნარების რეპეტიტორებს. აბსურდი უნარების რეპეტიცია. სრული აბსურდი. რეპეტიტორი ვერ მოგცემს უნარებს, მან შეიძლება ტესტის ამოხსნის ტექნოლოგია გასწავლოს. ასეა ყველგან (ისევ აშშ-ს ჩათვლით). ყველგან ისწავლება TOEFL-ის თუ სხვა ბევრად რთული ტესტების ამოხსნის ტექნიკა. და ყველა ეს სატესტო სისტემა იმას კი არ ებრძვის, რომ ისწავლება, არამედ იმას, რომ ტესტი მაქიმალურად ადეკვატური და ნაკლებად სწავლადი და ამოხსნადი გახადოს. მაგალითად, ტოეფლი ვერ ჩააბაროს ჩინელმა, რომელიც ფორმულებით და დაზუთხვით ყევლაფერს სწორად იზამს, მაგრამ ინგლისურად უბრალოდ ვერ ლაპარაკობს (ასეთი კურსელი არაერთი მყავდა ემორიში. ერთი ტანჯვა იყო მათთან ჯგუფური პრეზენტაციის გაკეთება). ამიტომაც ტოეფლმა შემოიღო რა? – ლაპარაკის აუდიო ჩაწერა. ანუ ტესტი გახდა უფრო ადეკვატური, მისი სწავლება და მით უფრო ჩაბარება კი არ აიკრძალა. უნარების სწავლებას მე პირადად ვემხრობი. სკოლაში, მეთორმეტე კლასში, სპეცმომზადებას. რისთვის? – იმისთვის, რომ მოსწავლემ პირვლეად გამოცდაზე არ ნახოს ტესტი და ამ სტრესის გამო უფრო ნაკლები ქულა არ მიიღოს, ვიდრე რეალურად ეკუთვნის. ვინც ამბობს, რომ უნარების ტესტი არ ისწავლება, ის არაფრის აზრზე არაა. არ ისწავლება რეპეტიტორთან უნარები, თორემ ტესტის ამოხსნის ტექნიკა – მშვენივრად. ხოდა ჩვენ თვითონ ვასწავლოთ სკოლებში ეს ტექნიკა, რატომ ვუშვებთ გარეთ ბავშვებს? აა, ფული ჯდება და ბევრი მუშაობა უნდა> ხო, კარგი, მაშინ გავაუქმოთ ჩვენი განათლების სისტემის ერთადერთი მსოფლიო კლასის მიღწევა.
მერიტოკრატიული გრანტები და სოციალური გრანტები უნდა იყოს 50%/50% და არა 90%/10%. ასეთია უღარიბესი ქვეყნის საჭიროება. ან იყოს ასივე პროცენტი მერიტოკრატიული, ოღონდ იმ დათქმით, რომ ვინც სოციალურად შეჭირვებულია (და აქ დაბალი ქულა არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მაღალი – 200.000 მინიმუმ), ყველა ის სტუდენტი უნდა ფინანსდებოდეს სრულად ვაუჩერის მაქსიმუმის ფარგლებში (რომლის ნომინალიც ასევე უნდა გაიზარდოს).
და მთავარი, თუ განათლების დაფინანსება მინიმუმ არ გახუთმაგდა, რაც გინდათ აუქმეთ, რაც გინდათ დაადგინეთ, შედეგი იქნება მხოლოდ გაუარესება.
ამ ყველაფრის გაკეთება მინდოდა. ვამაყობ, რომ მოვასწარი არაქართულენოვანების ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მოხვედრის პროგრამის შემოტანა (პირადად მოვიგონე სისტემა სააკაშვილის თხოვნით და მაია მიმინოშვილის დახმარებით), ასევე ვამაყობ, რომ მაგისტრატურაში მიღების უნიფიცირება შევძელი ერთიანი ტესტის შემოღებით (მტავარი აქტორი, ცხადია, გამოცდების ეროვნული ცენტრი იყო). ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, მინდოდა, რომ გამეკეთებინა. პლიუს სკოლის ვაუჩერიზაციის შეცვლა.
განათლების მინისტრობისას ეს ყველაფერი ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ფინანსები არ მომცეს. სხვა პრიორიტეტები იყო (რასაც ასევე არ ვიზიარებდი – მაგალითად ქალაქების მშენებლობას სახელმწიფოს ხარჯზე. შეიძლება (?) ეს კარგია და შედეგი უცებ ჩანს, მაგრამ განათლება გადამწყვეტია და შედეგი წლების მერე მოაქვს. თან ხელს რომ ვერ მოკიდებ, ისეთი. სამაგიეროდ ის მოგკიდებს ქეჩოში ხელს და წუმპიდან ამოგათრევს. ეს უნდა გესმოდეს, ჩემ დროს კარგად არ ესმოდათ, სამწუხაროდ. ახლა ხომ საერთოდ – არ შეიძება გაუნათლებლების მთავრობას განათლების ფასი ესმოდეს, თეორიული დასვების დონეზეც კი აბსურდია.
მინისტრობა ნამდვილად არ მაინტერესებდა იმ პირობებში, როცა საბიუჯეტო ჭერი იმგვარ შუშის ჭერად გადაიქცევა, რომელსაც თავს ვერ აარტყამ და ვერ გაარღვევ. მე გარღვევების კაცი ვარ და ჩემი როლის შესრულება მინდა, თუ გნებავთ, ამბიციურად ვიტყვი – ისტორიაში კვალის დატოვება.
ხოდა, ვერ გავაკეთე ეს ყველაფერი, სწორად რომ ვთქვათ, საშუალება არ მომეცა. ჩემი ბრალიცაა ალბათ, ვერ დავარწმუნე კოლეგები. ხოდა, როგორც იყო და როგორც არა, მე თვითონ წავედი განათლების გასაღრმავებლად. გმადლობთ ყურადღებისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში გვარამია.
შეგახსენებთ,სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

