ვენესუელას სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, კარაკასში შვიდი ამერიკელი დიპლომატი დარჩა, რაც ხელს შეუწყობს ვენესუელის ტერიტორიაზე “ინტერესების ოფისის” შექმნას, რაც შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის აუცილებელია, თუმცა მათთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
“მინდა მივესალმო დიპლომატებს, რომლებიც კარაკასში ჩავიდნენ”, – აცხადებს მადურო.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა საელჩო და საკონსულო შენობა დაიხურა.
ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, თავი დაანებოს ვენესუელას.
„გადატრიალება ვენესუელაში? არ გამოვა! ნუ ერევი ვენესუელას საქმეებში, ხელები შორს ვენესუელასგან! დაუყოვნებლივ! ტრამპო, პასუხისმგებელი ხარ ნებისმიერ ძალადობაზე, რომელიც ვენესუელაში შეიძლება მოხდეს. სისხლი, რომელიც შეიძლება ვენესუელაში დაიღვაროს თქვენზე იქნება“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
მან ასევე მიმართა ოპოზიციას და მათ მოუწოდა „კეთილგონიერება გამოიჩინონ და დიალოგი დაიწყონ“.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ვენესუელას სასარგებლოდ მზად ვარ მოლაპარაკებები დავიწყო ოპოზიციასთან, სადაც უნდათ და როდისაც უნდათ. ჩვენ ხალხს მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ, მშვიდობისკენ და კონსტიტუციის პატივისცემისკენ. ოპოზიციას კი მოვუწოდებ, კეთილგონიერება გამოიჩინონ. დროა, ეროვნული დიალოგი გამოვაცხადოთ“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.