საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გუნდი თავიდანვე შეთანხმდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია უნდა განხილულიყო ღიად, გამჭვირვალედ და პარლამენტის კარი ღია იქნებოდა ყველა სუბიექტისთვის.
მისივე განმარტებით, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ სიაზე მსჯელობის პროცესი შეაჩერა და გადაავადა, მმართველ გუნდში უკვე არსებობდა შეთანხმება, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცედურა უფრო გამჭვირვალედ წარმართულიყო.
„ჩვენ აქ მოსულები ვართ იმისთვის, რომ ჯერ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება და გავუზიაროთ ჩვენი პოზიციებიც. საუბარი არის იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც კანდიდატების წარდგენის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. პროცესსა და პროცედურებზე, უკვე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვიმსჯელებთ“, – განცხადა ანრი ოხანაშვილმა იმ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმების თაობაზე უნდა იმსჯელოს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.