მკვლელობა მოხდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში. პოლიციამ, 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მოკლულია არსენა კახიანი. მისი ცხედარი ვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. წინასწარი ინფორმაციით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 იანვარს ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს სხეულზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ა.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.