ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა შემაკავებელი ორდერი, არავინ სცემდა” – გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი

4 წლის გოგონა ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ასე გამოეხმაურა ამ ამბავს გარდაცვლილი მცირეწლოვანის მამინაცვალი, არკადი ზალაშვილი  და ყველანაირი ძალადობა უარყო.

მისივე თქმით, ბავშვი ოჯახში აგვისტოში დაბრუნდა და ამის შესახებ პოლიციაც ინფორმირებული იყო.

დაღუპული ბავშვის მამინაცვალი იმასაც ამბობს, რომ გოგონას დედაზე არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული.

„რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი, “კონტრაში” არიან ჩემთან. არავის ეკრძალებოდა მიახლოება, ჩემთან იზრდებოდა ბავშვი. იცოდა პოლიციამ, რომ დედასთან იყო ბავშვი. იცოდნენ, რომ დედა არაფრის ის არ იყო… და ყურადღების ქვეშ იყო ყველაფერი,“ – ამბობს ზალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სანზონაში წლის გოგონა საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

როგორც მეზობლები ამბობენ, დედა და მამინაცვალი ბავშვს ხშირად სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ  ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალი გუშინვე დააკავეს.

არკადი ზალაშვილი კი დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის პოლიციის სამმართველოში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოძიების კითხვებზე პასუხების გაცემა დღეს მოუწევს.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....