ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს სუფთა სინდისის ადამიანები” – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანას აუცილებლადნ ეყოლება სუფთა სინდისის ადამიანები.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანს” საზოგადოების წნეხის ეშინია.

„ჩვენთვის ყველა მოქალაქის ხმა, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანის ჯაფა, რომელიც დღეს აქ იყო მოსული, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამის გარეშე, მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვერაფერს მივაღწევთ. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, რომლისთვისაც ჩანს, რომ საბოლოო ჯამში აცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა დაახლოებით, ორი წლის წინ დაიწყო და დღეს ის ძალას კრეფს. მიხარია, რომ ჩვენ „შავი სია” გავაჩერეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის იმ ხალხის, ვინც დღეს აქ მოვიდა და სიცივეში იდგა, მოქმედების მეშვეობით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები”, განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული „კლანი” ძალაუფლების გადასარჩენად იბრძვის, თუმცა ამავე სისტემის გაჯანსაღებისთვის ბრძოლა ბოლომდე მივა.

„ე.წ კლანი ძალაუფლების გადასარჩენად იბრძვის. იმდენად უგვანოდ მოიქცნენ, ყველამ გაიგო რა ბუდობს ამ შენობაში. რა თქმა უნდა, „კლანს” ეშინია საზოგადოებრივი წნეხის, ყურადღების, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ყურადღება კიდევ გაგრძელდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბრძოლა ამ შენობიდან გავიდა და ამაზე საუბარია პარლამენტში, სახლებში, ყველა ტელევიზიაში. ამის შემდეგ ვურჩევ მოსამართლებს, რომ ფრთხილად და სერიოზულად მოეკიდონ თავიანთ უფლებამოსილებას საბჭოში, რადგან მათი უგვანო ქცევები გაირჩევა სახლებში, ყველა ტელევიზიაში და პარლამენტში”, – განაცხადა დოლიძემ.

 

იტვირთბა....