დიდ დიღომში, ავთანდილის N8-ში მდებარე კორპუსის მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად ვრცელდება.
„დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, მიმდინარე წლის 16 იანვარს, გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესასწავლად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტების მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი სამუშაოები. სამუშაოების ჩატარების საფუძველზე მომზადებული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დასკვნა და რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებში გადაგზავნილია.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.
პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.
თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა.