ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ” – კალაძე

კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ.

მისი თქმით გარკვეული პირები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.

„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

„გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა, კორუფციულ სქემას. თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის კორუფციული სქემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ და განმარტა, როგორ ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.

როგორც მერმა აღნიშნა, სამშენებლო ნებართვებს გასცემს არქიტექტურის სამსახური. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილზე მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე  და სრულებული შენობა. შესაბამისად, ასე ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.

რაც შეეხება კონკრეტულ შენობას, რომელშიც აფეთქება მოხდა, მას ჰქონდა მომართვა, შემოწმდა და დაუდგინდა ხარვეზები, რომლებიც გამოასწორეს, შემოაბრუნეს მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის.

„ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით გაცემული რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივიაირის, ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....