ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასწრაფოს მძღოლს, რომელიც ვაკეში, მუშების ჯგუფს დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს შარდენ ონიანს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილეა, აღკვეთის ღონისძიებად 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლე დაინტერესდა გაარკვია თუ არა გამოძიებამ, თუ რა იყო მომხდარი ტრაგედიის მიზეზი, რატომ ჩაეძინა მძღოლს. მოსამართლე ასევე დაინტერესდა მძღოლის სამუშაო გრაფიკით. პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხები ჯერ უცნობია.

მძღოლს ბრალი ოფიციალურად 10 იანვარს წარედგინა. პროკურატურა მას სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალდებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებარე ობიექტთან, ტროტუარზე მდგარი მუშების ჯგუფს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ერთ-ერთი მუშა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

.

იტვირთბა....