დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და შენობის გარეთ დარჩენილ მოქალაქეებთან დაკავშირებით დეტალებზე წერს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, დილის მონაცემებით, 31 ადამიანია დაბინავებული.
“ღამის მონაცემებით, სასტუმროებში გადაყვანილია 27 ადამიანი, ყველა ვინც გამგეობას მიმართა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და თავშესაფრით. გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ სასტუმროებში, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ მათ და ყველანაირად გვერდით დაუდგნენ.
პ.ს. დილის მონაცემებით, უკვე 31 ადამიანია დაბინავებული. შეგახსენებთ ცხელი ხაზის ნომერს: 2374531”
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.
პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.
თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა.