ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს.

მისი თქმით, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევების მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდა.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას განაგრძობს. 2015 წელს ყველა ხიდთან მიმართებაში კვლევები ჩატარდა. ჩვენ გვაქვს უკვე სრული სურათი, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაბამის სამუშაოებს ვახორციელებთ. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისის მოსახლეობას ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება.

„სამუშაოები დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშული ხიდი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომაც, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია. ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორ იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და სამუშაოები როდიდან დაიწყება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....