დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს, წამოიწყოს კამპანია – „გავუფრთხილდეთ ქალაქს”.
ამ კამპანიის ფარგლებში, მერიამ დედაქალაქის მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარება შესთავაზა, რაც შესაძლებელი იქნება ვაკის პარკში, კიკვიძის ბაღში, რიყის პარკში, ვერის ბაღში, სპეციალურ ადგილებზე. რის შემდეგაც, ისინი დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება.
კალაძის თქმით, სერიოზული პრობლემაა გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ნაგვის კონტეინერებში მოხვედრა, რაც თავიდან უნდა იყოს არიდებული.
„ჩვენი, ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები“, – განაცხადა კალაძემ. საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მიაწვდიან.