ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე – არც ერთ ადამიანს უნდა ეკრძალებოდეს ტაძარში შესვლა, ღმერთის გზა ძალიან ინტიმური გზაა

მე მაინტერესებს სინამდვილეში რა არის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვის მიზეზი. მესმის, გარევაჭრობა შეიძლება, ადამიანმა აკრძალოს. არც არის მისაღები, როდესაც ეკლესიის გარშემო სავაჭრო დახლებია გახსნილი და ეკლესია-მონასტრები სავაჭრო ცენტრებს დაემსგავსა, ეს მიუღებელია. რამდენადაც მე მახსოვს, ჯვრის მონასტრის ეზოში სავაჭრო დახლები არ იყო, ეს იყო, ძირითადად, გარე პერიმეტრზე. შესაბამისად, ტაძრის ეზოს დაკეტვა ჩემთვის დაუშვებელია, ამის შესახებ “მეტრონომს” მამა პეტრე კოლხმა ჯვრის მონასტრის დაკეტვის თემის კომენტირებისას განუცხადა.

მამა პეტრეს განცხადებით, არის თემების, რის გამოც ცენზურა დასაშვებიაა.

“ხალხი იქ ღამითაც მიდიოდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ წყვილები ტაძრისთვის შეუფერებლად იქცეოდნენ. შენ თვითონ უნდა იცოდე, რომ ასე არ უნდა იქცეოდე. როდესაც ტაძრის გარშემო ტერიტორიას ასე უღირსად ექცევი, ისევ შენ თავს აზიანებ. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტაძრის გალავნის ტერიტორია ჩაკეტილია, ესეც არის. შეყვარებული წყვილები ადიოდნენ და ძალიან ბევრის უფლებას აძლევდნენ თავს. თუ ეს არის მიზეზი, მივესალმები, რადგან ტაძრის გარშემო ტერიტორიებისთვის უზნეო მიზნებისთვის გამოყენება არასწორია. ამით ტაძარი კი არ იბღალება, არამედ საკუთარ თავს განსაცდელში ვაგდებთ. რადგან ამდენი არ გვესმის, ვინმემ უნდა გვიხსნას განსაცდელისგან. თუ ვინმეს სიყვარულის ბუშტი გაუსკდას, რომ ტაძრის ტერიტორიას არ მიაშუროს. რაც შეეხება გარევაჭრობას, ამის გამოც უნდა ყოფილიყო გარკვეული ცენზურა. თუ არსებობს კიდევ სხვა მიზეზი, რაც არ ვიცით და ადამიანებს უბრალოდ ეკრძალებათ ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა, რაც შეუძლებელია, მაშინ ამასაც თავისებური ახსნა ექნება.

პირადად მე ვფიქრობ, არც ერთ ადამიანს უნდა ეკრძალებოდეს ტაძარში 24 საათის განმავლობაში შესვლა, რადგან ღმერთის გზა ძალიან ინტიმური გზაა და ვერავის დაუწესებთ საზღვრებს, გინდა თუ არა მაშინ მოდი ტაძარში, როდესაც ღიაა. იქნებ იმ დროს არ აქვს ადამიანს განცდა, რომ უნდა ილოცოს. ჩვენ ხომ არ ვიცით ვის როდის მოუნდება ტაძრის კარებთან მისვლა. თუმცა, ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც ჩამოვთვალე. ვფიქრობ, რომ ეკლესიაში იმდენი პრობლემები დაგროვდა, რომ ორივე ნაპირი ერთმანეთს დაშორდა”, – აცხადებს მამა პეტრე.

იტვირთბა....