სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მას არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა.
უწყების განმარტებით, ბიძინა ცხადაძე N14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 13 მაისს იქნა მოთავსებული და დაწესებულებაში მოთავსების დღიდან სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი.
“მოცემული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას მკურნალობა უტარდებოდა კარდიოლოგის და პირველადი ჯანდაცვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შემდეგი მედიკამენტებით: ტენოქსი 5მგ. კარდიოასპირინი 300 მგ, ალოხოლი, ნოლპაზა. 13 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, 200/100, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო პერსონალი და გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა. დაახლოებით 18:15 საათზე მსჯავრდებულს კვლავ გაეწია ექიმის კონსულტაცია, დაუდგინდა წნევა 120/80. ვინაიდან მსჯავრდებული უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, იგი მოთავსდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და 18:23 საათზე პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. 18:27 საათზე დაწესებულების ადმინისტრაცია დაუკავშირდა 112-ს. 19:20 საათზე მსჯავრდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან (წნევა იყო 100/60), თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა”,-ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.