“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ირაკლი კობახიძეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, სასამართლოში უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაცია მსახიობისა და სამოქალაქო აქტივისტის, მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” დამფუძნებლის მარიამ დოლიძის სახელით, ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ინიციატივას.
ორგანიზაციის განმარტებით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI აღნიშნული სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას.
ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი კობახიძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება 2008 წლის 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რასაც, მათივე განმარტებით, მოსარჩლის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.
“კომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი.
მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას. ამიტომ, GDI-ს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური Facebook გვერდი არის დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცე, სადაც ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ და უშუალოდ იქონიონ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავენ ორგანზიაციაში.
GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 2019 წლის 14 იანვარს მიმართა და ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.