ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გამოიძიოს საქმე თუ რამ გამოიწვია დედამისის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება.
“ძალიან მიკვირს მეთქი რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. მაგრამ მაინც:
1. თვეზე მეტი გავიდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებიდან, რაც გამოიწვია მასზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით თავდასხმამ;
2. კონკრეტული დანაშაულის შესახებ განცხადებით მივმართეთ პროკურატურას და შსს-ს, მოვითხოვეთ გამოძიება, წარვუდგინეთ მტკიცებულებები;
3. გამოვითხოვეთ საქმის მასალები, საჯარო ინფორმაციები, პასუხად ვიღებთ ცარიელ ბლანკებს და დაუსაბუთებელ, აბსურდულ უარებს განცხადებებზე;
ხვალ პროკურატურას წარვუდგენთ დამატებით მტკიცებულებებს ვიდეო-ფაილების სახით, სადაც არაერთი ადამიანი დეტალურად ყვება მომხდარის თაობაზე. მათ შორის, წარვუდგენთ იას ათწუთიან ინტერვიუს, რომელშიც პირდაპირ საუბრობს დანაშაულზე და მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე. უბრალოდ გამორიცხულია სხვაგვარად, შეისწავლეთ, გაეცანით და დაიწყეთ გამოძიება უახლოესი ორი კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ზომას.
აქვე შეგახსენებთ, რომ გავიდა ის ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაში ქართული ოცნების ოთხმა დეპუტატმა მოითხოვა საქმის გამოძიება, პასუხი ძალოვანი უწყებებიდან არის არაფერი.
ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას, გამოიძიეთ დანაშაული და მიეცით პასუხისგებაში დამნაშავეები, განათლების მინისტრის ჩათვლით, ნუ გახდებით თავად სისტემური დანაშაულის მონაწილე!” – წერს შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კერზაია მას შემდეგ გახდა ცუდად, რაოდესაც სკოლაში შესამოწმებლად გენერალური ინსპექცია შევიდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის შემოწმება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნებში არ ჩაერთო.
განათლების სამინისტრომ სკოლის შემოწმების შემდეგ, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სკოლაში დარღვევები აღმოაჩინეს.
კერზაიას შვილი, “რა, სად, როდის” მონაწილე ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ეს არის მკვლელობა და პროკურატურას თხოვს სასწრაფოდ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დედამისი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ამავდროულად, 2019 წლის 10 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს, რომელიც სწორედ ზუგდიდის მე-6 სკოლას ეხება.

