სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალი წერს, რომ ის ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს. მისი თქმით, შემთხვევა მუხიანში მოხვდა. თავდაპირველად ინფორმაცია “პრაიმტაიმმა” გაავრცელა.
“…30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში, გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით პარალიზება მოახდინა და ჩემზე იძალადა. გადავრჩი, რადგან ელექტროშოკერი, როგორც მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში გულს აჩერებს. საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით. მინიმუმ, ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით”, – წერს დაზარალებული.
აღნიშნული შემთხვევა დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 30 დეკემბერს, მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, მასზე იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, 31 დეკემბერს დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

