ეკა ბესელია შესაძლოა, არასოდეს ყოფილა გუნდის ისეთი ერთგული, როგორიც დღეს არის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აქცენტები გადადის ეკა ბესელიაზე, რომელსაც გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებენ.
„ეკა ბესელია დღეს რომ არის გუნდის ერთგული, შეიძლება, ასეთი ერთგული არასოდეს ყოფილა. დღეს ეკა ბესელია არის ყველაზე ახლოს თავის გუნდთან და მიმაჩნია, რომ თუ ოდესმე იყო საუბარი ეკა ბესელიას გაყვანაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან, მოტივაცია იყო ერთადერთი, რომ კომიტეტი, უკაცრავად ჟარგონისთვის, „პრახადნოი დვორად” ქცეულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენილი სიისთვის“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი შეფასებით, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობის პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა.
„ვინც ცდილობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩებას, ის უხსნიდა ამ მოსამართლეთა სიას გზას. როდესაც ვთქვი, რომ მინდოდა, „ოცნებიდან“ წავსულიყავი, რადგან გუნდში ვხედავდი მოძრაობებს, ნაბიჯებსა და ქცევას, რაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის ღირებულებებთან არ მოდიოდა თანხვედრაში, ჩემმა მეგობრებმა, იგივე დათო ჭიჭინაძემ, რომელიც მერე თავად გარიცხეს, ასევე ეკა ბესელიამ და სხვებმა მითხრეს, რომ არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გუნდის წინაშე და შენი ყოფნა საჭიროა, რათა დავაფიქსიროთ პოზიციაო. ეკა ბესელია ცალსახად ამბობდა, რომ ეს იყო სასამართლოს საკითხი“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, სიის წარდგენას ელოდებოდნენ, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო როგორი იქნებოდა სია.
„როცა დაიწყო საუბარი ეკა ბესელიას შესაძლო გადასვლაზე კომიტეტიდან, მისი პირობა იყო, რომ მაშინ ზარდიაშვილიც არ უნდა ყოფილიყო კომიტეტში. რატომ არ ისმის კითხვა, პირველმა მოადგილემ რატომ დაწერა განცხადება. თუ პირველი მოადგილე არ დაწერდა ეკა ბესელია საერთოდ არ დაწერდა განცხადებას“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი შეფასებით, ეკა ბესელიამ ვიცე-სპიკერობა მოსამართლეთა სიის მიმართ ლოიალურობაში არ გაცვალა.
ამასთან გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის ქართულ ოცნებას დატოვებს, თუ პარტიას ეკა ბესელიას დაატოვებინებენ.
“პარტია, რომელიც გარიცხავს ეკა ბესელიას იმის გამო, რომ ის იცავს იმ ღირებულებებს, რომლითაც ეს პარტია შეიქმნა, ამ შემთხვევაში ეკა ბესელიაა ქართული ოცნება და არა — ის ნაწილი, რომელიც მას რიცხავს. ანუ მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი თავიდანვე” — განმარტა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება დმეოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო განცხდაება გააკეთა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.