“ქართული ოცნების” წევრი, გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს ივანიშვილსა და პარტიის ყველა წევრს, რომ უერთგულონ გუნდს, ვისთან ერთადაც 2011 წელი დაიწყეს.
ამასთანავე, გედევან ფოფხაძემ ივანიშვილს მოუწოდა, მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსიროს.
„გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალურები არიან ამ სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად წინააღმდეგები ვართ. რაც შეეხება გუნდურობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 21012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამს ათევდა საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და არასდროს მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები იმ ადამიანებთან არ შეგვიცვლია, იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერმოსამართლების დანიშვნა არასდროს იქნება მისაღები.
მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერს მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყელაფერი, რატომ იდგა ხალხი ჩვენ გვერდით, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. სამართლიანობა იყო ყველაზე მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. დავუშვათ, ის მოსამართლეები, რომლებიც გარანტები იყვნენ კანონის დარღვევის, ციხეებში არ ზიან, თუმცა მგონია, რომ მათ შორის ბევრი ციხეში უნდა იჯდეს. მე მორალს კი არ უნდა მიკითხავდნენ, იმ სასჯელებს უნდა იხდიდნენ, რომელსაც იმსახურებენ, რადგან სისტემურ დანაშაულში ჩვეულებრივი თანამონაწილეები იყვნენ,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.