ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საიას სასამართლოში სარჩელი შეაქვს

2019 წლის 10 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს.

“საია სწავლობს ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების ჩატარების საფუძველს და ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესს. ზუგდიდის საჯარო სკოლის ინსპექტირების საფუძვლად მითითებულია ფიზიკური პირის განცხადება, რომელიც სამინისტროში შევიდა სკოლის შემოწმების დაწყებამდე 1 დღით ადრე.

საკითხის შესწავლის მიზნით საიამ განათლების სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ინსპექტირებას საფუძვლად მითითებული განცხადების სამინისტროში შესვლის დროისა და სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ მისი განხილვის დროის დადგენის მიზნით.

საია აგრეთვე ითხოვს ინფორმაციას 2018 წლის განმავლობაში რამდენი ფიზიკური პირის განცხადება შევიდა სამინისტროში და რამდენ მათგანზე მოახდინა სამინისტრომ, ზუგდიდის მე-6 სკოლის ანალოგიური დაჩქარებული რეაგირება.

მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა განათლების სამინისტრომ საიას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კერზაია მას შემდეგ გახდა ცუდად, რაოდესაც სკოლაში შესამოწმებლად გენერალური ინსპექცია შევიდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის შემოწმება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნებში არ ჩაერთო.

განათლების სამინისტრომ სკოლის შემოწმების შემდეგ, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სკოლაში დარღვევები აღმოაჩინეს.

კერზაიას შვილი, “რა, სად, როდის” მონაწილე ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ეს არის მკვლელობა და პროკურატურას თხოვს სასწრაფოდ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დედამისი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

იტვირთბა....