ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა არ მომხდარა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა არ მომხდარა, თუმცა მისი ვარაუდით, ეს მომდევნო პროცესზე მოხდება.

„დროში ვერ ჩავეტიეთ. აქედან გამომდინარე, ვერ მოხდა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა, რაც მომდევნო პროცესზე მოხდება. დ.ღ. უკანონო პატიმრობაშია, იმედს ვიტოვებ, დარჩენილ პროცესებში სასამართლო შეცვლის აღკვეთს, ეს იქნება გარდაუვალი”, – აცხადებს სიხუაშვილი.

უფლებადამცველის თქმით, ორივე პროკურორს – ზვიად ფხაკაძეს და ინა გუგუშვილს სამართალდამცავებთან მოუწევთ პასუხის გაცემა იმ “ტყუილზე, რაც მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადეს”.

„დღევანდელ დღეს, იმ ჩანაწერით, რომელიც გამოვიკვლიეთ, ცალსახად კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა. ბრალდებამ მას ბრალში ჩაუწერა, რომ დ.ღ.-მ დამალა ზაზა სარალიძესთან შეხვედრა, ეს სიცრუეა. ორივე პროკურორს მოუწევს სამართალდამცავებთან პასუხის გაცემა იმ ტყუილზე, რაც მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადეს. მათი ჩვენებით ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დამალა სარალიძესთან შეხვედრა. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებაში ცალსახად ჩანს და ისმინება, რომ დ.ღ.-მ სასამართლოზე არ უარყო ზაზა სარალიძესთან შეხვედრა. მან სასამართლოზე არაერთხელ თქვა, რომ მას შეხვდა. ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ ის სარალიძეს მეორე არასრულწლოვანთან ერთად შეხვდა, ისაუბრეს”, – განმარტა სიხუაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. დ.ღ. მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებითაა დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

 

იტვირთბა....