დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა და მომართვიანობა მცირდება.
მისი თქმით, მძიმე ავადმყოფები კლინიკებში რჩებიან. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მათ უმრავლესობას აქვს ქრონიკული დაავადება.
„ძირითადად მათ გრიპით გართულებული ქრონიკული დაავადებები აქვთ. შემცირება შეინიშნება ასევე ბავშვების მიმართვიანობაშიც. იაშვილის კლინიკის დღევანდელი მონაცემები მაქვს, რომელშიც ჩანს, რომ დაახლოებით 15%-ით შემცირდა.
წესით და რიგით, ამ არდადეგების პერიოდში და დღესასწაულებზე, როცა ნაკლებია ხალხის მასობრივად შეკრებები, კიდევ უნდა შემცირდეს ავადობა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის ვირუსს ორი პიკი აქვს. ერთი, შეიძლება ითქვას, უკვე გადავლილია, ხოლო მეორე შეიძლება თებერვალში ისევ იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.