ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა” – ლევან კობერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიაზე

“პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფა იყო.

„სასწრაფო წესით შესამუშავებელია ძალიან გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა მიხედვითაც მთელ საზოგადოებას ეცოდინება, რა პროცედურების დაცვით და რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს იუსტიციის საბჭომ იმისათვის, რომ წარმოადგინოს მოსამართლეობის კანდიდატები. შემდეგ უნდა იყოს ამ კანდიდატების განხილვა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება და მხოლოდ ამის მერე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება თითოეულ მოსამართლეზე. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ დღევანდელ ვითარებას, არამედ იმას, რომ ჩვენს შვილებს სამართლის აღსრულება რომ დასჭირდეთ, 10, 20 ან 30 წლის შემდეგ, ვისთან შეიძლება მოხვდნენ ისინი და ეს ადამიანები უნდა იყვნენ იმგვარი რეპუტაციის, რომელთაც კონფლიქტი არ ექნებათ საზოგადოების მთხოვნებთან და მორალთან და კითხვის ნიშნები მათ მიმართ არ იარსებებს. ეს არ არის სახუმარო თანამდებობა, თანაც, ესაა თანამდებობა, რომელზეც პარლამენტს, თუნდაც შემდეგი მოწვევის პარლამენტებს, ვეღარ ექნებათ გავლენა და შესაბამისად, ამ ადამიანების რეპუტაციის შელახვის შემდეგ არ იქნება საშუალება იმისა, რომ ისინი პარლამენტმა უკან გამოიწვიოს ან მათზე გარკვეული სახის ზეგავლენა მოახდინოს. ამიტომ ეს აასმაგებს პრობლემას, რომ სწორედ ასეთ მოკლე დროში ადამიანები გავიდნენ, საკუთარი თავი დაწერეს სიაში.. იურისტების პროფესიულ წრეს მინდა მივმართო – ისეთი სურათი იხატება, თითქოს საქართველოში კვალიფიცირებული იურისტების პრობლემა გვაქვს, რომლებიც შესაძლოა, თანამდებობზებზე იყვნენ და გაუძღვნენ საქმეს. მე მათ ვთხოვ და მოვთხოვ, ჩემს მეგობარ იურისტებსაც და სხვებსაც, რომ გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუთუ ასეა საქმე, რომ წარმოდგენილი ადამიანების გარდა სხვა არჩევანი არ უნდა გვქონდეს? ვიცი, რომ 1-2 მათგანი საკმაოდ კვალიფიციურია, მაგრამ კვალიფიციკაცია შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს, აქ პრობლემა არის უფრო რეპუტაციასთან დაკავშირებით. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოსახლეობამ, როდესაც საკმაოდ მძიმე პასუხები გაგვცა ბევრ მოვლენაზე, მათ ეს არ შეუკვეთავთ. ხუმრობით რომ ვთქვათ – წინასაახალწლოდ „რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“. მოსახლეობას ნამდვილად არ შეუკვეთავს, რომ ეს ადამიანები სასამართლოში უვადოდ განწესებულიყვნენ“, – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა.

კობერიძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფა იყო.

„იუსტიციის საბჭოს მიერ გადადგმული გუშინდელი ნაბიჯი, პირდაპირ ასე ვიტყოდი, ნამდვილად არის საქართველოს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გამოწვევა და ვთვლი, რომ ეს არის შეურაცხყოფაც. ეს ნიშნავს, რომ არ არის გარკვეული თანმიმდევრული ქმედება იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლის სისტემა იყოს გამართული კვალიფიციურად და რომ სამართლის აღსრულებაზე კითხვები არ ჩნდებოდეს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე მგონი, ეს ძალიან მკაფიოდ იქნა დანახული საზოგადოების მიერ, რომ სწორედ პარლამენტს და მისმა თითოეულ წევრს ჰქონდა საკუთარი რეაქცია ამ თემებთან დაკავშირებით. ამიტომ, შეფასებას, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ნამდვილად ვერ დავეთანხმდები. თუმცა, რაც ხდება დღეს იუსტიციის საბჭოს მხრიდან, ჩემი შეფასებაც ასეთია, რომ მიუღებელია. არ უნდა იწერებოდეს დარბაზის უკანა პატარა ოთახში რაღაც სია, რომელიც ფაქტობრივად, შემდგომში უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სია უნდა იყოს, რომელთა მიმართაც, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, საზოგადოებას აქვს კითხვები. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს და ადამიანებს, რომლებმაც უნდა გამოვხატოთ საზოგადოების ნება, ვიმოქმედოთ შესაბამისად და მივიღოთ შესაბამისი გადწყვეტილებები. არ გვაქვს უფლება, ეს კითხვები პასუხების და რეაქციის გარეშე დავტოვოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.

იტვირთბა....