დიდი ბოდიშით, მაგრამ მე ბესელიას გეგმებზე ვერ ვიფიქრებ – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის თანამდებობის დატოვებას.
როგორც ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.
“სიმართლე გითხრათ ამ გადაადგილებებით ჩვენ შეგვიძლია რაღაცაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს ყველაფერი სისტემურად უნდა დავინახოთ თუ რა ხდება და საით მივდივართ. ბესელიაზე ამ შემთხვევაში თავს შევიკავებდი, მაგრამ ზარდიაშვილის გადადგომა აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია იმ პროცესისა, რასაც ეს დღეებია ვუყურებთ, თუნდაც სასამართლოსთან მიმართებაში, როდესაც ფაქტობრივად იუსტიციის საბჭომ წარმოუდგენლად უტიფარი შეტევა განახორციელა ქართულ საზოგადოებაზე.
თუ ამის ლოგიკური შედეგია ზარდიაშვილის გადადგომა, ვფიქრობ ცუდი არ არის, მაგრამ მაინც ზომიერად ოპტიმისტი ვიქნებიოდი, რადგან არ ვიცით რელურად რა ხდება და რის გამო ხდება ეს ყველაფერი.
დიდი ბოდიშით, მაგრამ მე ბესელიას გეგმებზე ვერ ვიფიქრებ. არ მიმაჩნია, რომ ეს საინტერესოა და ამით თავი უნდა დავიღალო, რომ ბესელიას გეგმებზე ვიფიქრო” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, პოსტიდან გადადგა მისი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილიც.