ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერაფერი გადაწონის უკრაინის სურვილს ჰქონდეს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია” – მეუფე გრიგოლი

წმინდა სინოდის 27 დეკემბრის სხდომის წინ, სადაც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის საკითხი უნდა განიხილონ, რამდენიმე მღვდელმთავარმა ღიად მოუწოდა სინოდის წევრებს უკრაინის ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათ შორის არიან: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ფაზისელი მიტროპოლი გრიგოლი, ერსა და ბერს ახსენებს, რომ უკრაინის ავტოკეფალიაზე მსჯელობის წინ, გაიხსენონ ის არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას.

მიტროპოლი გრიგოლი ღიად აკრიტიკებს რუსეთის ეკლესიის პოლიტიკას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რომ უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ დაუშვას და არაღიარების საკითხში, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად საქართველოს ეკლესიაც ჩაითრიოს.

“ისტორიას კარგად ახსოვს 100 წლის წინანდელი ის არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას. ვერავითარი არგუმენტი ვერ გადაწონის უკრაინელი ხალხის სურვილს – ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოზე, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიისადმი პატივისცემა გვავალებს, რომ გულისყურით და დიდი სიფრთხილით მივუდგეთ ამ საკითხს, რათა უნებლიეთ არ დავაზიანოთ უკრაინელი ხალხის ეროვნული და სულიერი ინტერესები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ პატივს მივაგებთ ერთმორწმუნე უკრაინელი ხალხის სურვილს, ჰქონდეს ადგილობრივი ეკლესია და იმედს გამოთქვამთ, რომ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემატება მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში გააძლიერებს მართლმადიდებლობის ხმას თანამედროვე სამყაროში.“ – მიტროპოლი გრიგოლი.

ცნობისათვის, მეუფე გრიგოლთან ერთად, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სინოდის კიდევ რამდენიმე მღვდელმთავარი უჭერს მხარს.

იტვირთბა....