ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ცოტნე გამსახურდია: გენპროკურორი თანახმაა, გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც უწყებიდან გამოსულმა გამსახურდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან და მისმა ადვოკატმა მთავარ პროკურორთან ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ როგორც საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე, ასევე შეგნებულად თუ შემთხვევით გაფუჭებულ საქმეზე, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი. შემდეგ გადავედით რეკომენდაციებისა და მოთხოვნების ნაწილზე. კერძოდ, რომ შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი გამომძიებლებითა და ექსპერტებით და მას სათავეში ჩაუდგება ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი“, – განაცხადა ცონტე გამსახურდიამ.

მისი ინფორმაციით, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე მათ მოთხოვნას დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ჯგუფს თავად უხელმძღვანელებს. ცოტნე გამსახურდიას განმარტებით, მისთვის ეს გარანტია საკმარისია და ის საპროტესტო აქციას წყვეტს.

„იმედი მაქვს, ეს საქმე არ გაგრძელდებოდა ისე, როგორც ის მისი წინამორბედების დროს გრძელდებოდა და დიახაც, შალვა თადუმაძე ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, – განმარტა ცოტნე გამსახურდიამ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურასთან 14 დეკემბრის შემდეგ შიმშილობდნენ. ისინი ითხოვდნენ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ შეხებოდა და გამოძიება კვლავ გაგრძელებულიყო. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ ზვიად გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაიზარდა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტის შვილები მაინც აგრძელებდნენ შიმშილს და დროულ გამოძიებასთან ერთად სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვდნენ.

იტვირთბა....