თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯაბა ჯიშკარიანმა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, მაჟორიტარად მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მზადაა სადაც გუნდს სჭირდება იქ ემსახუროს.
როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში განხილვა არ დაწყებულა.
„მთაწმინდაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამასთან დაკავშირებით ჩემი ინფორმაციით,პოლიტსაბჭოში განხილვები არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, შეჯერდებიან, ვინ იქნება კანდიდატი. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა მე, მზად ვარ, სადაც გუნდს დავჭირდები, საკრებულოში თუ პარლამენტში, იქ ვემსახურო მთაწმინდელების ინტერესებს და მთელი ჩემი ენერგია მოვახმარო ამ უბნის კეთილდღეობასა და ხალხზე ზრუნვას“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. შესაბამისად, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.