ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდაცვის სამინისტრო სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელიც სამტრედიაში მომხდარ იმ ავარიას ეხება 11 წლის გოგონას სიცოცხლე რომ ემსხვერპლა.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი  ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ღანირი-ქვიტირის გზაზე ავტომობილი 11 წლის გოგოს დაეჯახა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....