პოლიტიკური პარტია “გირჩი” აუქციონს აცხადებს – მათი თქმით, ახალი წლის ღამეს პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გააქირავებენ.
პარტიის დაფინანსების მიზნით სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს — 31 დეკემბრის ღამეს ზურა ჯაფარიძე მეკვლედ ეწვევა. აუქციონი (#ჯაფარამეკვლედ) ორ ნაწილად იყოფა:
პირველი აუქციონი ტარდება 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე. 23:45 საათზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება. პირველ გამარჯვებულთან ჯაფარიძე 01:00-დან 02:00 საათამდე შუალედში მივა, მეორესთან 2-დან 3 საათამდე, მესამესთან კი 3-დან 4 საათამდე.
როგორც პარტიაში განმარტავენ, შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარიძის სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში, თუმცა გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში.
ახალი წლის ღამის აუქციონი, კი ჩატარდება პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე. 03:15 საათზე ორი გამარჯვებული გამოვლინდება. პირველთან ჯაფარიძე, საიტის თანახმად, 04:00-დან 05:00 საათამდე შუალედში მივა, მეორესთან კი 5-დან 6 საათამდე.