ქუთაისში მოქალაქეებმა საახალწლო ნაძვის ხის ნაცვლად ჩიჩილაკი დადგეს. როგორც “ქუთაისიპოსტი” წერს, მოქალაქეებმა ამით მერიის ყურადღების მიქცევა სცადეს.
მოგივანებით, იმავე ადგილზე ააიპ “ქუთაგანათების სერვისის” წარმომადგენლებმა ნაძვის ხე მოაწყვეს.
“რეაბილიტირებულ უბანში მოქალაქეებმა მერიის ყურადღების მისაქცევად პატარა ნაძვის ხე შარშანაც მიიტანეს. საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მიმდინარე წელს ცენტრალურ მოედანზე ძველი ნაძვის ხე დამონტაჟდა, ოღონდ ახალი დეკორაციებით. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი აღდგენილი ნაძვის ხე მოირთვება. მიმდინარე წელს ახალი წლის შეხვედრა ქალაქის ბიუჯეტს 100 000 ლარი დაუჯდება”, – წერს “ქუთაისიპოსტი“.