ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“საზმაუში ადგილი აქვს ჩემი, როგორც ჟურნალისტის დისკრიმინაციას”: ზვიად ავალიანი განცხადებას ავრცელებს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობილი ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან  მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას და შევიწროვებას. “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”, რომელიც საქართველოში “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა” და “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” წევრია და  წარმოადგენს ორივე ორგანიზაციას ჩვენს ქვეყანაში, მიმართავს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძეს, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები თანამშრომლებთან, რომლებიც თვლიან, რომ დისკრიმინაციას განიცდიან ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან.

გთვაზობთ ზვიად ავალიანის მიერ გამოქვეყნებული წერილის სრულ ვერსიას:

“პრეზიდენტის ინაუგურაციით დასრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი – ეს კი ნიშნავს რომ დღეს უკვე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს პროტესტი მისთვის მტკივნეულ საკითხზე და თან არ შეეშინდეს იმის, რომ ამ პროტესტით ხელს შეუწყობს ნაციონალების გამარჯვებას, მიშას დაბრუნებას, ინაუგურაციის ჩაშლას და ა.შ.

თავად განსაჯეთ, რამდენად უხერხულია როცა უკმაყოფილების გამოხტვას ასეთი კონტექსტების გათვალისწინება ჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმრავლესობა, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა ოცნებას უფრო ჰუმანურ, უფრო დემოკრატიულ და უფრო განვითარებულ საქართველოზე, ბოლო ექვსი წლის მანძილზე სწორედ ასეთი შინაგანი ცენზურით ცხოვრობს და ხშირად თავს იკავებს პროტესტისგან იმის შიშით, რომ უნებლიედ „მიშას წისქვილზე“ არ „დაესხას“ წყალი.

მაგრამ ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა და ბევრი რამ შეცვალა…

მაგალითად, არჩევნებმა დაგვანახა რომ სინამდვილეში ნაციონალები გააძლიერა არა დანარჩენი საზოგადოების მხრიდან ხშირმა პროტესტმა, არამედ პირიქით, უმრავლესობის არასაკმარისმა აქტიურობამ, რის გამოც ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ამ პრობლემებზე ხშირად ყველაზე ხმამაღლა სწორედ ნაციონალები ლაპარაკობდნენ, რადგან დანარჩენი საზოგადოება სწორედ იმ ავადსახსენებელი შინაგანი ცენზურის მდგომარეობაში იყო ჩაყენებული…

ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამიერიდან პროტესტი უნდა გახშირდეს და გახშირდება კიდეც რადგან დღეს უკვე ნათელია – თუ ხალხმა თვითონ არ დაიწყო დღის წესრიგის მართვა, თავისით არავინ და არაფერი შეიცვლება…

სხვათა შორის ვინც მიცნობს იცის, რომ პირადად მე აქამდეც არასდროს მოვრიდებივარ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას ისეთ საშიშ ტენდენციებთან დაკავშირებით, როგორიც იყო სასამართლოს მურუსიზაცია, პროპაგანდასთან მიახლოებული ნარკოლიბერალიზაციის კამპანია, კანაფის კულტივაციის იდეა და ა. შ.

საგულისხმოა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ ეს ტენდენციები უკვე ფაქტობრივად ყველამ აღიარა შეცდომად, თუმცა ამჯერად მე მინდა გამოვხატო პროტესტი, რომელსაც ყავს სრულიად კონკრეტული ადრესატი.

კერძოდ – მე მინდა გამოვხატო პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უკვე თითქმის ერთი წელია ფაქტობრივად დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ვიმყოფები ორგანიზაციაში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვია.

არადა წესით და რიგით საზოგადოებრივ მაუწყებელში დისკრიმინაცია გამორიცხული უნდა იყოს… თუმცა იმისთვის, რომ ობიექტური წარმოდგენა შეგვექმნას სიტუაციაზე, მოკლედ შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს უახლესი წარსულიდან.

ცხადია ვერ ვილაპარაკებ საზოგადებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომლის სახელით, თუმცა ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ პირადად მე, ისევე როგორც ჩემი კოლეგების უმრავლესობამ 2017 წლის იანვარში ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს მივეცით შანსი სათავეში ჩადგომოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნის პროცესს და გამოვთქვით მზადყოფნა ერთად გაგვეკეთებინა უფრო საზოგადოებრივი და უფრო რეიტინგული ტელევიზია.

ალბათ გახსოვთ ისიც, რომ ამ ნდობის პასუხად პირველი, რაც ახალმა ხელმძღვანელობამ გააკეთა იყო გეგმა მაუწყებლის გაურკვეველი ვადით გაჩერებისა და თანამშრომლების (მათ შორის – ოპერატორების, ტექნიკოსების და ა.შ.) მასობრივი დათხოვნის შესახებ.

ვინც ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებდით, არ დაგავიწყდებოდათ ისიც, რომ აღნიშნული გეგმის გაჟღერებას, ცხადია მოყვა მძაფრი წინააღმდეგობა როგორც თანამშრომლების, ისე მთლიანად საზოგადოების მხრიდან და იმ საყოველთაო პროტესტის ფონზე, რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც მაუწყებლის თანამშრომელთა ნდობის ჯგუფის წევრი, ხელმძღვანელობა წავიდა კომპრომისზე და უარი თქვა თავდაპირველი გეგმის ყველაზე ოდიოზურ პუნქტებზე.

ასე დაიწყო ახალი ეტაპი საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში და ჩემი ურთიერთობა მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობასთან…

ფაქტია, რომ გეგმა თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ იყო პირველი საგანგაშო სიგნალი, რომელმაც გვაჩვენა რომ ახალი გენერალური დირექტორის მიერ არჩეული სტრატეგია შესაძლოა ყოველთვის არ დამთხვეოდა საზოგადოების მოლოდინებსა და მაუწყებლის რეალურ საჭიროებებს, თუმცა რაკი კომპრომისი შედგა, მე გულწრფელად ვცადე დამევიწებინა ეს კონფლიქტი იმ იმედით და განწყობით, რომ ხელმძღვანელობამაც დაივიწყა იგი და გააცნობიერა საკუთარი შეცდომა, რაც ყოველთვის დასაფასებელია.

მოკლედ, ასეა თუ ისე, განვლილი ორი წლის მანძილზე მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არათუ ხელი არ შემეშალა, არამედ პირიქით, ყოველმხრივ ხელი შემეწყო ნებისმიერი პოზიტიური წამოწყებისთვის, რომელიც მაუწყებელში ხორციელდებოდა და მჯეროდა, რომ ბოლოს და ბოლოს, მაუწყებელი აუცილებლად შედგებოდა როგორც ერთიანი გუნდი, თუმცა კარგად მოგეხსენებათ რომ გუნდის ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ სპორტსმენების მოტივაცია არ არის საკმარისი…

არ მინდა ჩემი პოზიციები მკითხველს თავს მოვახვიო და თითოეულმა თავად შეაფასოს, რამდენად შეასრულა ხელმძღვანელობამ ამ მოვლენების შემდეგ თავისი დაპირებები ან მთლიანობაში რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი; განვლილი ორი წლის პრაქტიკიდან მე შემიძლია გავიხსენო როგორც დადებითი, ისე ცალსახად უარყოფითი მომენტები, თუმცა აქ მინდა დავკონკრეტდე მხოლოდ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და რაც მხოლოდ ‘შიგნიდან“ შეიძლება დაინახო – მაუწყებელი, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ შედგა, როგორც გუნდი.

ასე, მაგალითად, ბოლო ორი წლის გამნავლობაში მაუწყებელში დაგროვდა მთელი მასა ფაქტობრივად დისკრიმინირებული ადამიანებისა, რომლებსაც მენეჯმენტი უბრალოდ არ აძლევს თავიანთი კომპეტენციებისა და გამოცდილების შესაბამისად მუშაობის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები დღეს მათთვის უცხო, ან ხშირად სრულიად გაურკვეველი ფუნქციის მქონე სტატუსით რჩებიან მაუწყებელში და აქვთ განცდა, რომ ხელმძღვანელობა უბრალოდ მათი გათავისუფლებისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება.

მე ცხადია დღეს არ ვილაპარაკებ სხვა ადამიანებზე, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დამატებითი პრობლემები არ შევუქმნა, მაგრამ პირადად ჩემს შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ტელეჟურნალისტის და ტელეწამყვანის გამოცდილებისა, თქვენი მონა-მორჩილი უკვე მეორე წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში ანალიტიკოსის პოზიციაზე „მუშაობს“(!), თუმცა სინამდვილეში ესეც ერთგვარი ფიქცია აღმოჩნდა, რადგან რეალურად ანალიტიკური ჯგუფის არც ერთ სატელევიზიო პროექტში არ არის ჩართული და ასეთი დირექტივა, სავარაუდოდ სწორედ მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან მოდის.

მეტიც – მას შემდეგ, რაც მე არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი კრიტიკული პოზიცია „გირჩის“ იდეოლოგიისა და ზოგადად, ნარკოტიკებთან დაკავშირებული არაადეკვატური ტენდენციების მიმართ, საერთოდ „აკრძალული“ ვარ პირველი არხის ეთერში და მაქვს „გონივრული ეჭვი“ რომ ამ აკრძალვის მიზეზი სწორედ ჩემი პოზიცია გახდა.

ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მოვლენების ფონზე, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ უშუალოდ ეთერში გასვლის წინ შეაჩერა დიდი სატელევიზიო დებატების პროექტი, რომელიც მანამდე თავად შემომთავაზა და კონცეფციის შემუშავებაც დამავალა, რაც ჩემი მხრიდან პირნათლად იქნა შესრულებული.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ადგილი აქვს ჩემი, როგორც ჟურნალისტის დისკრიმინაციას და შევიწროვებას.

და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მაგალითია.

რეალურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთ თანამშრომელს (მათ შორის – უშუალოდ ვასილ მაღლაფერიძის მმართველობის დროს მოსულებსაც) დღეს სწორედ ასეთ გაურკვეველ და დამთრგუნველ რეალობაში უწევთ მუშაობა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (თუმცა სინამდვილეში არ უნდა დავანებოთ!) განვლილი ორი წლის მანძილზე, ნაცვლად იმისა, რომ შეპირებისამებრ, აღმოფხვრილიყო ამ ორგანიზაციისთვის მავნე ტრადიციად ქცეული შიდა დაპირისპირებები, ეს დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდა.

ეს ყველაფერი კი ცხადია პირდაპირ აისახება როგორც თანამშრომელთა მოტივაციაზე, ისე მუშაობის ხარისხზე და საბოლოო ჯამში კი რეპუტაციაზე, ნდობაზე და რეიტინგზე.

მერწმუნეთ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს არასდროს ქონიათ და არ ექნებათ დასაქმების პრობლემა. განვლილი 30 წლის მანძლზე ამ ორგანიზაციიდან აქამდეც არაერთხელ გაუთავისუფლებიათ ადამიანები საკამათო არგუმენტებით. მათ შორის, გაუთავისუფლებიათ მასობრივადაც, მაგრამ წასულებს ხშირად მიუღწევიათ წარმატებისთვის სხვა მედიებში, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი თითოეული ასეთი ფაქტის შემდეგ მხოლოდ ეცემოდა.

ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ დავწერდი ამ წერილს, საქმე რომ მხოლოდ ჩემს ან ზოგადად თანამშრომელთა ბედს ეხებოდეს და დღეს პირველი არხი მართლაც ყოველმხრივ უკეთესი, უფრო ღია, უფრო პროფესიონალური, უფრო საზოგადოებრივი და უფრო რეიტინგული იყოს, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ იყო.

მაგრამ სინამდვილეში საქმე არც ასე მარტივადაა და სწორედ ეს არის პრობლემის საზოგადოებრივი განზომილება.

რეალურად, დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში არის პრობლემები და თუ ჩვენ დღეს არ ვილაპარაკებთ ამ პრობლემებზე, ხვალ შეიძლება მივიღოთ კრიზისი…

ამიტომ მე მივმართავ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთნ, პასუხი გასცეს ორგანიზაციაში და მთლიანად საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვას და თუ არ სურს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავება, დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც მაუწყებელში დაგროვდა.

და ბოლოს – აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეიდან მე გამოვიყენებ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ თავი დავაღწიო უსამართლო დისკრიმინაციას და დავიცვა ჩემი უფლებები, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი პირადად ჩემთვის, ყველგან და ყოველთვის დავრჩები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრად და გულწრფელად გამიხარდება მაუწყებლის ყველა წარმატება იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი.” – წერს ზვიად ავალიანი.

P.S. “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, გენო ჯოხიძე აცხადებს, რომ ამ წერილის ასლი გადაიგზავნება ბელგიაში, “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა” და “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” სათაო ოფისში. 

 

იტვირთბა....